ხვალ, 20 ივნისს, ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
რეგიონებში კანდიდატების სავარაუდო ვინაობას გაეცანით აქ.
"დროების" ინფორმაციით, დედაქალაქში მმართველი გუნდი შემდეგი კანდიდატების წარდგენას აპირებს:
გლდანი - ქართული ოცნების კანდიდატი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იქნება. ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას დაუპირისპირდება.
Edison Research-ის კვლევით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარდა, ამ ოლქში ნიკა მელიას მხარდაჭერა 35%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის - 32%.
სამგორი - მმართველი გუნდი აქ პრემიერის მრჩეველს, ყოფილ მინისტრს, სოზარ სუბარს წარადგენს. ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდება.
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, ხაბეიშვილის მხარდაჭერა 15%-ს შეადგენს, ქართული ოცნების კანდიდატის - 42%-ს.
ისანი - მაჟორიტარობისთვის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ყოფილი მორაგბე, ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებს. ოპოზიციიდან მისი კონკურენტი გიორგი ვაშაძეა.
Edison Research-ის კვლევით, ვაშაძეს ხმას 37% აძლევს, ქართული ოცნების კანდიდატს - 36%.
საბურთალო - ოპოზიციის კანდიდატი აქ ჯერ უცნობია, მმართველი გუნდი კი მაჟორიტარობის კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს, წარადგენს.
ვაკე - ერთერთი ვერსიით, მმართველი გუნდის კანდიდატი აქ ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, იქნება. ასევე, შესაძლოა, კანდიდატად პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი დასახელდეს. არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ ვოლსკიმ კენჭი, შესაძლოა, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყაროს.
ოპოზიციის კანდიდატი აქ ელენე ხოშტარიაა. Edison Research-ის კვლევით, ხოშტარიას ხმას 46% აძლევს, მმართველი გუნდის კანდიდატს - 31%.
ნაძალადევი - ოპოზიციის საერთო კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს, აქ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაუპირისპირდება.
Edison Research-ის კვლევით, ნათელაშვილის მხარდაჭერა 20%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის - 42%.
მთაწმინდა - კრწანისი - "დროების" ინფორმაციით, ქართული ოცნება კანდიდატად დეპუტატ ბექა ოდიშარიას წარადგენს. ოპოზიციიდან მისი კონკურენტი შალვა შავგულიძეა.
Edison Research-ის კვლევით, 28% ამბობს, რომ ხმას შავგულიძეს მისცემს, 38% - ქართული ოცნების კანდიდატს.